თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია, გენდერული საბჭოს წევრებთან ირაკლი ზარქუასთან, თამარ ტალიაშვილთან, ნინო ლაცაბიძესთან და ანა ლაშხთან ერთად, უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა მარიკა დარჩიამ გახსნა და სტუმრებს მუნიციპალიტეტის გენდერული თანამშრომლობის საბჭოს შექმნის, შემადგენლობის, მუშაობის სპეციფიკისა და გაწეული საქმიანობის შესახებ მოუთხრო. გენდერულ პოლიტიკაზე და პლატფორმაზე, გენდერული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის სპეციფიკაზე და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ კომპონენტებზე, გენდერთან დაკავშირებულ საბიუჯეტო ასპექტებზე და თავისებურებებზე უკრაინელ სტუმრებს ინფორმაცია საბჭოს წევრებმაც მიაწოდეს.
საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გამართული შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც შეხვედრის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმის ეფექტურად შესრულებაზე, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების, გენდერული ბიუჯეტირებისა და სტატისტიკის საკითხებზე ისაუბრეს. სტუმრებმა მათთვის ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრის დასასრულს, უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ კოორდინატორი ელენე რუსეცკაია და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.