თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე, საბჭოს წევრებმა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან საერთაშორისო კამპანიაში ჩართულობასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
მისი განცხადებით, ქალთა უფლებების დაცვა მრავალმხრივ აქტივობასა და კამპანიას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, ისევე როგორც სხვადასხვა საჯარო თუ კერძო უწყება საქართველოში, გენდერული ნიშნით ძალადობისა და სექსუალური შევიწროების მსოფლიო კამპანიას ეხმაურება.
,,იმისთვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაძლიერდეს დაცვის ღონისძიებები და მოხდეს ძალადობის დროული პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, უმნიშვნელოვანესია უწყებების ერთობლივი მოქმედება. სწორედ ამ მიზნით, გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად ერთვება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიაში “.- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია 1991 წლიდან ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.
საბჭოს წევრებმა ძალადობის პრევენციის მიზნით, კამპანიის ფარგლებში, საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით არაერთი აქტივობა დაგეგმეს. კამპანიის ფარგლებში 24 ნოემბერს ნარინჯისფერ ფერში განათდება თბილისის ანძა.