დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბჭოს წევრებისადმი სიტყვით მიმართვისას უკრაინაში არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
ამის შემდეგ, სხდომაზე, საბჭოს წევრების წინაშე ანგარიშით დედაქალაქის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე წარდგა და შეკრებილ საზოგადოებას გენდერული თანასწორობის ფარგლებში თბილისის მერიაში განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. მანვე ისაუბრა კანონზე გენდერული თანასწორობის შესახებ და ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისათვის ევროპული ქარტია მიმოიხილა.
ნინო ბურძენიძე პრეზენტაციისას ასევე შეეხო იმ პროექტებს, რომლებსაც დედაქალაქის მერიის სხვადასხვა სამსახურები საკრებულოსთან ერთად ახორციელებენ და მიმოიხილა ის საინფორმაციო ტრენინგები, რომლებიც გენდერული თანასწორობის საკითხებზე თბილისის მერიის გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის და საკრებულოს წევრებისთვის ტარდება.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული ბიუჯეტისა და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების მიმოხილვასაც.
„ჩატარებულია თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი თბილისის მერიაში, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განახლებულია სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები, თუმცა კოვიდ 19 ის პანდემიის ფონზე გეგმა კვლავ ექვემდებარება გადახედვას და აუცილებელია მასში ცვლილებების შეტანა. დაგეგმილ ღონისძიებებში წარმატებით აისახა პროექტები და აქტივობები, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო საკანონმდებლო ვალდებულებების განხორციელებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ნინო ბურძენიძემ ღონისძიების დასრულებისას.