23-25 თებერვალს, ბორჯომში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ფარგლებში,ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც იყო თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის ფორმირება.
შეხვედრაზე, თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის წარნინადგენლებმა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია პუნქტობრივად განიხილეს და სტარტეგიის განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმაზე იმსჯელეს. თბილისის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმა სამწლიანი იქნება და მომდევნო წელს თბილისის ბიუჯეტიდან თანხა გეგმაში გაწერილი ღონისძიებების განსახორციელებლად გამოიყოფა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული საბჭოს თავჯდომარემ, მარიკა დარჩიამ, საკრებულოს დეპუტატებმა და თბილისის მერიის სამსახურების ხელმძვანელებმა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი რამდენიმე წელია თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობს და მერიასთან გენდერული პოლიტიკის გაძლიერებისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბების კუთხით.
2017 წელს, ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა და მიიღო 2017-2020 წლების გენდერული სტრატეგია.
2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობს.
პროექტს „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ შესახებ ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.