თბილისის საკრებულოში ეთნიკური უმცირესობებისა და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოების ინიციატივით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრი ნინო რუხაძე ესწრებოდნენ.
უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს, კერძოდ კი, ნაადრევი ქორწინების, ოჯახში ძალადობის, ქალების უფლებების დაცვის, ასევე ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.
„გენდერული თანასწორობის საბჭოს ფორმატში გენდერულ საკითხებზე მომუშავე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს შევხვდით და მათი წინადადებები და მოსაზრებები მოვისმინეთ. ამასთანავე, დავგეგმეთ აქტივობები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებს საზოგადოებაში ინტეგრაციას ხელს შეუწყობს“, -აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა
როგორც დღეს გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, გენდერული საბჭო არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
„თბილისის საკრებულოში ფუნქციონირებს ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც დედაქალაქში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ეთნიკურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებლები არიან. ბევრი მათგანი გენდერული მიმართულებით მუშაობს. შეხვედრის მიზანია, გავაერთიანოთ ძალები და ერთობლივად დავგეგმოთ აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიანად ვუპასუხოთ გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებს“,-აღნიშნა ნინო რუხაძემ.
დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვეს და ამასთანავე, არაერთი მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი ღონისძიება დაგეგმეს.