თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით, სასტუმრო „ბილტმორში“ პროგრამული ბიუჯეტის ანალიზის საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა.
როგორც საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ცდილობს ბიუჯეტი იყოს გენდერულად დაბალანსებული და ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს, დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურება.
„გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა უნდა ვიცოდეთ ბიუჯეტის გენდერულ ჭრილში დანახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გენდერული ბიუჯეტირების ექსპერტ ნინო ლოლაძესთან. მან გაგვიზიარა გამოცდილება, თუ როგორ მოვამზადოთ რეკომენდაციები ბიუჯეტის შემოსვლის შემდეგ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ლოლაძემ ტრენინგზე ისეთი საკითხები განიხილა, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტირების პროცესის დახვეწასა და გაძლიერებას უჭერს მხარს. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერულად მგრძნობიარე პროგრამების იდენტიფიცირების საკითხი, ასევე გენდერული თანასწორობა, ბიუჯეტირება და გენდერული პერსპექტივების ინტეგრირება პროგრამულ ბიუჯეტში.
შეხვედრას თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე და თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.