თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარემ მარიკა დარჩიამ ,,ქალთა საერთაშორისო ასოციაცია - საქართველო“-ს ინიციატივით, ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თბილისის ცენტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. როგორც მარიკა დარჩიამ განაცხადა, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად თანამშრომლობს ქალთა საერთაშორისო ასოციაციასთან და საბჭოს ინიციატივა - ,,ერთად ვიპოვოთ გზები“ აღნიშნული ასოციაციის საქმიანობასთან თანხვედრაშია.
,,დღეს შესანიშნავ პროექტს გავეცანით, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ აქ დასაქმებული ქალბატონები იმ გმირებად იქცნენ, ვინც წინააღმდეგობების დაძლევის პოზიტიურ ისტორიებს შექმნიან“ - აღნიშნა მარიკა დარჩიამ.
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია, ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელს“ ბენეფიციართა თავშესაფრის აშენებასა და კეთილმოწყობაში დაეხმარა, რომლის ბაზაზე დაარსებული სოციალური საწარმო ,,ანასტასია“ დღეს სტუმრებმა დაათვალიერეს. ასოციაცია ძალადობის მსხვერპლთა პირველ სოციალურ საწარმოს სამზარეულოს სრულად აღჭურვაში დაეხმარა და ქეითერინგის მიმართულებით ქალთა დასაქმება შეძლო.
შეხვედრაში მონაწილე ქალბატონებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს და ურთიერთხელშეწყობის კონკრეტული აქტივობების განრიგიც შეათანხმეს.