თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, მონაწილეობა მიიღეს ონლაინ კონფერენციაში ,,ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება".
ონლაინ კონფერენცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის, „თამარ გაგოშიძის ტრენინგ ცენტრისა“ და სატრანსპორტო საკონსულტაციო-საპროექტო კომპანია ,,გრინლაითის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ონლაინ კონფერენციაში მონაწილე საკრებულოს წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს საკრებულოს შესაბამისი დარგობრივი კომისიების ამ მეტად საპასუხისმგებლო პროექტში ჩართულობაზე და მხარდაჭერას დაჰპირდნენ ყველა იმ წამოწყებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოების, მათ შორის სკოლამდელი და დაწყებითი კლასის ასაკის ბავშვების, ასევე მშობლების ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის მიმართულებით.
კონფერენციის ორგანიზატორებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და ყურადღება გაამახვილეს პროექტის ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა: მშობლებისა და ბავშვების მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების ათვისება, მათი მნიშვნელობის გაცნობიერება და უსაფრთხოების წესების დაცვა.