დღეს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და მაჟორიტარი დეპუტატები თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს, ვიქტორ წილოსანს, შეხვდნენ.
შეხვედრაზე 2024 წლის იანვრიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით მარშრუტების ჩანაცვლების შესახებ იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ ახალი თვრამეტმეტრიანი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტის მერიამ მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის საფუძველზე შეარჩია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება რიგ მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო გამოთავისუფლებული რესურსით გაძლიერდება სხვა მარშრუტები, რაც შეამცირებს ავტობუსების მოცდის დროს და გაზრდის გამტარუნარიანობას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა კონკრეტულ რაიონებში ავტობუსების ჩანაცვლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.