თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს მოუსმინეს, რომელმაც აღნიშნული სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეულის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
ვიქტორ წილოსანმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე, ასევე შესაბამისი კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის წარმოების თაობაზე ისაუბრა.
მანვე სხდომაზე სატრანსპორტო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კომისიის წევრებს მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიზნით, დედაქალაქში 160 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, რაც მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა.
ვიქტორ წილოსანმა ასევე თბილისის მეტროს ვაგონების განახლების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს ბაზრის კვლევა.
პროექტის ფარგლებში კი გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.
კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვიქტორ წილოსანმა საკითხთან დაკავშირებით კომისიის წევრების წინადადებები მოისმინა და მათ კითხვებს დეტალური პასუხები გასცა.