თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს მოუსმინეს.
ვიქტორ წილოსანმა სხდომაზე სატრანსპორტო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კომისიის წევრებს წერეთლის გამზირისა და უნივერსიტეტის ქუჩის დიზაინისა და მოძრაობის ორგანიზების განახლებული სქემის შესახებ ინფორმაცია პრეზენტაციის სახით წარუდგინა.
მისივე ინფორმაციით, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მთლიან გამზირზე საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის, პროექტის პირველ ეტაპზე, შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი,ასევე დამონტაჟდება განათების ბოძები, მოწესრიგდება ტროტუარები და მოეწყობა საავტობუსო ზოლები.
კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვიქტორ წილოსანმა საკითხთან დაკავშირებით კომისიის წევრების წინადადებები მოისმინა და მათ კითხვებს დეტალური პასუხები გასცა.