თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დედაქალაქის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის № 4-7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
ინფორმაცია საკითხის თაობაზე დეპუტატებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
როგორც მაია გრძელიძემ აღნიშნა, ბიუჯეტში ცვლილებები ფაქტიურად მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში ასახვით ხორციელდება. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა სულ 1 017,5 ათასი ლარით იზრდება და ის 1 395 751,0 ათას ლარს შეადგენს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
დავით ჯაიანმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
პროექტის თანახმად, სააგენტოს სამი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლის სამსახური ემატება.
ამასთან, დავით ჯაიანის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კოდექსს დაემატა მუხლი სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოების თაობაზე. აღნიშნულმა, განაპირობა სათანადო ცვლილებების შეტანის აუცილებლობა საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
ცვლილება შედის ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაშიც.
მოცემული ცვლილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის განბლოკვაზე მიღებული არა მარტო უარის, არამედ ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ექნება როგორც დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს, ასევე განმცხადებელს.
დღის წესრიგით განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.