თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ლევან მიქავამ კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოადგინა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება 19 591,6 ათასი ლარით და შეადგენს 2 077 927,2 ათას ლარს.
ამასთანავე იზრდება საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია 28 200,0 ათასი ლარით და ემატება ახალი ქვეპროგრამა: საბაგირო ტრანსპორტის განვითარება - 1 232,2 ათასი ლარის ოდენობით.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ისაუბრა.
ვასილ აბულაძის თქმით, სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის მიზნით საცნობი ნიშანი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში განცხადებასთან ერთად წარადგენს შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელ ცნობას, რომლის ველში დადგინდება, რომ შშმ პირს აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხი.
მანვე კომისიის წევრებს „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი გააცნო.
წესი ვრცელდება ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის, საწარმოს, ორგანიზაციის, ამხანაგობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტის ქონებას ადგება ზიანი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლით კი განსაზღვრულია მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი.
სსიპ - თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინფორმაცია ვასილ აბულაძემ წარმოადგინა.
აღნიშნული ცვლილებით, სააგენტოს ფუნქციებს დაემატა გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სქემების მომზადება. აგრეთვე ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.