თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ლევან მიქავამ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარმოუდგინა.
სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა „სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.
მანვე კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტის, აგრეთვე თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გზების ჩამონათვალისა და მათზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების (M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში წარმოდგენილი ცვლილებები გააცნო.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.