თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარმოადგინა. ლევან მიქავას თქმით, ცვლილება ხორციელდება მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, იზრდება სხვა შემოსავლების ნაწილში სანქციებიდან მისაღები შემოსავლები 1 530,8 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა შეადგენს 1 776 457,6 ათას ლარს.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა, სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება – ავტობუსის რეფორმის მხარდაჭერის“ პროექტის შესახებ და 2022 წლის 2 თებერვლის N2021.003798 საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის მიზნით თბილისის საკრებულოდან თანხმობის მიღების თაობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საგრანტო ხელშეკრულების მიზანი, ახალი სამარშრუტო ქსელის დანერგვისა და რეფორმის სხვა კომპონენტების მიმართულებით თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენაა.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილე ვასილ აბულაძე საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის რეფორმის მესამე ეტაპიდან გამომდინარე ცვლილებებს შეეხო და აღნიშნა, რომ სააგენტოს ემატება ორი ახალი სტრუქტურული ერთეული - საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების კონტროლის სამსახური და სანებართვო-ანალიტიკური სამსახური.
მან ასევე „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ისაუბრა.
ვასილ აბულაძის ინფორმაციით, ცვლილება ხორციელდება თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში.
კერძოდ, ცვლილების თანახმად, საცნობი ნიშნის დაკარგვისას ან დაზიანებისას, მისი აღდგენის თხოვნით სააგენტოს წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით.
ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად, ვადიან სამგზავრო ბარათზე დროის მონაკვეთის მიხედვით დარიცხული თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.