30 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის N5-8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოუდგინა.
მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება ჯამში 296 420,1 ათასი ლარით და 2 506 978,3 ათას ლარს შეადგენს.
აღნიშნული ცვლილებები კი 2026 წლის 1 იანვრისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების ნაწილის 273 860,1 ათასი ლარის გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით ხორციელდება.
ასევე, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.