თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
როგორც ლევან მიქავამ განაცხადა, ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს გადასახდელების ნაწილში არსებული რესურსების გადანაწილების ხარჯზე. შესაბამისად, ბიუჯეტის მოცულობა უცვლელია და შეადგენს 1 803 072,3 ათას ლარს.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებზე ისაუბრა.
როგორც ვასილ აბულაძემ განაცხადა, ცვლილებებით შესაძლებელი ხდება შეღავათიანი და უფასო ბარათების მიბმა მობილურ აპლიკაციაზე და შეღავათიანი (უფასო) ტარიფით მგზავრობა, ისე რომ აღარ იქნება საჭირო ბარათის მატერიალური სახით დაფიქსირება. ასევე, შეღავათიანი ან უფასო სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მხრიდან გამოყენების შემთხვევაში, აქამდე თუ ხდებოდა სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა, ახალი რედაქციით დაიბლოკება მხოლოდ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ფუნქცია, ხოლო ბარათის გამოყენება შესაძლებელი იქნება მგზავრობის სრული ტარიფით გადასახდელად.
მანვე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა საკრებულოს დადგენილების პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებაც.
დადგენილება ცხადდება ძალადაკარგულად საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ვასილ აბულაძის ინფორმაციით, ცვლილება განხორციელდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტში.
ასევე ხდება ცვლილება, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში.