თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ,,თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N19-118 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოუდგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით.
წარმოდგენილ პროექტში, გათვალისწინებულია თბილისის მერიის ზოგიერთი საქალაქო სამსახურის, რაიონის გამგეობის და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება 26 614,6 ათასი ლარით და შეადგენს 1 803 072,3 ათას ლარს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ასიგნებები გადანაწილდა სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე, მათ შორის: იზრდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს პროგრამის ასიგნება და სხვა.
სსიპ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში განსახორციელებელი ცვლილები წარმოადგინა.
დღესვე, სხდომაზე სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვასილ აბულაძემ „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილები წარმოადგინა.