თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ვასილ აბულაძემ კომისიის წევრებს ის ცვლილებები გააცნო, რომელთა თანახმად, საკრებულოს დადგენილების შესაბამის მუხლს, რომლითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური განისაზღვრება, ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის და მოპედის შემთხვევაში 150 ლარის, ხოლო M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში -500 ლარის ოდენობით განისაზღვროს. რაც შეეხება ამავე პუნქტის ,,ა'' და ,,ბ'' ქვეპუნქტებით გათვალისწინებულების გარდა სხვა სახეობის საშუალების შემთხვევებს, მათი ტრანსპორტირების საფასური-800 ლარი გახდეს.
აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 6 სექტემბერს N1719-IXმს-Xმპ საქართველოს კანონით შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია.