19 დეკემბერი 2025 საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოადგინა.
მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით. ასევე გათვალისწინებულია დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეულების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ კომისიის წევრებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე განხორციელებულ გადახდებზე გასატარებელი რიგი ღონისძიების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 მარტის №86 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი გააცნო.
როგორც დავით ჯაიანმა აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებით, პირებს, რომელთა მიმართაც 2023 წლის პირველი ივლისიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე შედგენილია/შედგენილი იქნება ელექტრონული საჯარიმო ქვითრები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის და ამ ელექტრონული საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული ჯარიმა ან/და ჯარიმის გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავი გადახდილი აქვთ/ექნებათ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სახაზინო კოდზე (300773255), ამასთან, ფიქსირდება/დაფიქსირდება სამართალდამრღვევის მონაცემები (სახელი, გვარი და პირადი ნომერი), თუმცა არ აქვთ/ექნებათ მითითებული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი, ჩაეთვალოთ გადახდილად და მათ მიმართ აღარ განხორციელდეს/აღარ გაგრძელდეს გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებები.“
დღესვე, სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლის შესაბამისად, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
კომისიის წევრებს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა სუთიაშვილმა აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატის განსაზღვრის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია და წარმოდგენილ თანამდებობაზე ალექსანდრე მუკათარიძის კანდიდატურა დაასახელა.