თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმინეს. მათ საკრებულოს წევრებს იმ ძირითადი ცვლილებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც რეაბილიტაციის ფარგლებში მელიქიშვილის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება.
როგორც ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რეაბილიტაციის შედეგად, სატრანსპორტო მოძრაობის ყველა მონაწილის ინტერესი დაცული იქნება. მათი თქმით, მელიქიშვილის გამზირზე მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი; მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწის ქვეშ განთავსდება კაბელები; მოეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, რომელზეც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED სანათები; გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის; მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის ადაპტირდება.
ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს წევრებმა ინფორმაცია იმ შეზღუდვების შესახებაც მიიღეს, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესში აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით დაწესდება.
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია 17 ივნისს დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.