საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტის მოცულობა 9459,1 ათასი ლარით იზრდება და 1833 083,6 ათას ლარს შეადგენს. მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ კი საკრებულოს წევრებს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხიც გააცნო.
თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებების განხილვის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს და სხვადასხვა მისამართებზე არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის, იჯარის, უზურფრუქტის და გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს.
დღესვე დეპუტატებმა ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ალმას“ შორის გაფორმებულ „ფეხით გადასასვლელი ხიდების მშენებლობის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელს და ქონების მართვის სააგენტოსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული „უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი შეათანხმეს.
კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიაზე განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს სხომაზე გავა.