თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის ,,Mott MacDonald“ წარმომადგენლებს მოუსმინეს.
კომისიის წევრებს მარკ სელინიმ თბილისის საზოგადოებრივი ავტობუსების განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსია პრეზენტაციის სახით წარმოუდგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მათ დეტალურად შეისწავლეს თბილისში ავტობუსების ქსელი და ჯერ კიდევ არსებული პრობლემები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგეს.
მარკ სელინიმ ყურადღება ისეთ მიმართულებების მნიშვნელობაზე გაამახვილა, როგორიცაა: ავტობუსების ზოლების გაფართოება და დაცვა, ასევე მგზავრობის დრო და საზოგადოების ინფორმირებულობა.
მანვე სხდომაზე ყველა ის ძირითადი დეტალი განიხილა, რაც ავტობუსების განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი და ამასთანავე, ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც,,Mott MacDonald“ წარმომადგენლებმა - მარკ სელინიმ და ონდრე კოკეშმა კომისიის წევრების შეკითხვები და მოსაზრებები მოისმინეს და მათთვის საინტერესო კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.