თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოუდგინა.
მისი თქმით, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 983 178,0 ათასი ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 219 823, 3 ათასი ლარით, ხოლო 2025 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან კი შედარებით 156 869,4 ათასი ლარით მეტია.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, პროგრამისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა გათვალისწინებულია 685 915,7 ათასი ლარი, მათ შორის: ტრანსპორტის განვითარების ქვეპროგრამისთვის კი 530,059.7 ათასი ლარია განსაზღვრული.
დღესვე კომისიის სხდომაზე სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსს მოუსმინეს, რომელმაც „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ისაუბრა.
აღნიშნული ცვლილებით, ნესტან დარეჯანის და თინათინის ქუჩებზე მოძრავი ავტობუსის №422 მარშრუტზე სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაემატა 3 ერთეული მოძრავი შემადგენლობა.
ხოლო, ვაზისუბნის დასახლებაში, თეოფანე დავითაიას და ემზარ სულაქველიძის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების ცვლილებიდან გამომდინარე, მოძრაობის მიმართულება შეეცვალათ ავტობუსების №№493,519 მარშრუტებს.
ნინო ბაგაშვილმა ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
პროექტის თანახმად, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ მოძრაობისას ავტობუსების №№ 327, 389 მარშრუტები მარშალ არჩილ გელოვანის გამზირიდან ნაცვლად დავით აღმაშენებლის და თეთრი დუქნის ქუჩებისა, მოძრაობას განახორციელებენ პეტრე სარაჯიშვილის ქუჩით.
ავტობუსის №310 მარშრუტზე კი ჩართული იქნა შესახსრებული ავტობუსები, ხოლო №310 მარშრუტიდან გამოთავისუფლებული სატრანსპორტო საშუალებები დაემატა ავტობუსის №309 მარშრუტს და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან გაგრძელდა ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.
ორივე შემთხვევაში, გამოყენებული იქნა შესახსრებული ავტობუსებისთვის წინასწარ დადგენილი დერეფნები, სადაც გათვალისწინებულია 18 მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა.