თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილების თაობაზე ისაუბრა.
როგორც ვასილ აბულაძემ აღნიშნა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 6 სექტემბერს N1719-IXმს-Xმპ საქართველოს კანონით შეტანილი იქნა ცვლილებები, რამაც განაპირობა სათანადო ცვლილებების შეტანის აუცილებლობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
კომისიის სხდომაზე ასევე იმსჯელეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეც, რომლის თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ეკისრება ვალდებულება დაიცვას რიგი სანებართვო პირობები ავტობუსებში.
ასევე, ვასილ აბულაძის ინფორმაციით, ცვლილება ხორციელდება „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაშიც, რომლის თანახმად, იცვლება დადგენილების სათაური და მასთან შესაბამისობაში მოდის დადგენილების რიგი ნორმები. ამავე დადგენილებით, განისაზღვრება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური.
დღესვე, კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილების პროექტი განიხილეს.
ვასილ აბულაძის განცხადებით, ცვლილების თანახმად, რუსთავი-თბილისის მარშრუტის M2 კატეგორიის ავტობუსებმა საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მარშრუტებზე გადაადგილება უნდა განახორციელონ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის გამოყენების გარეშე.
კომისიების წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.