თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან და პარლამენტის წევრ რიმა ბერაძესთან ერთად თბილისის 23-ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, 23-ე საჯარო სკოლა თავისი ისტორიითა და წარმატებით გამორჩეულია დედაქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ ისტორიულ შენობაში მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახაბერ ლაბუჩიძის, განცხადებით, სკოლის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურს ოთახი, სასადილო და სააქტო დარბაზი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს აგრეთვე რეკრეაციულ და სპორტულ სივრცეებში.
სკოლა 1900 – 1902 წლებშია აშენებული და ისტორიული ძეგლის სტატუსს ატარებს. შენობის არქიტექტორული ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე რესტავრაცია სპეციალური საშუალებების გამოყენებით, დეკორატიული ლესვით, ლითონის ჭედური ელემენტებისა და ავთენტური ქვის აღდგენით მიმდინარეობს. შენობის რესტავრაცია ხორციელდება ჩატარებული ისტორიულ-სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა-რეკომენდაციების შესაბამისად.
შენობის ისტორიული იერსახე სრულად იქნება აღდგენილი, პარალელურად სკოლა გახდება ევროსტანდარტების შესაბამისი რესურსითა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი საგანმანათლებლო დაწესებულება.
სკოლის გამაგრების, რესტავრაციის, სრული რეაბილიტაციის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. სამუშაოს სრული ღირებულება 13 500 000 ლარამდეა. რესტავრაცია-გამაგრების სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება.