მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. განხორციელებული პროექტი თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან, მის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან, საკრებულოს კრწანისის რაიონის დეპუტატთან ლევან ჯაფარიძესთან და ისნის რაიონის გამგებელთან ნიკა ელისაშვილთან ერთად დაათვალიერა.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისას, პრიორიტეტული, ობიექტის ისტორიული იერსახის შენარჩუნება და რეაბილიტაციის ევროპული სტანდარტის შესაბამისად შესრულება იყო, რაც განხორციელდა კიდეც. ამასთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურისა და ხიდის ფასადის მასშტაბურ მოწესრიგებას ითვალისწინებდა.
შედეგად, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს ჰიდროიზოლაცია მოეწყო და ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი 2 300 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, მოეწყო და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები. ფასადებს და თაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირებისა და ბოძკინტების აღდგენა იერსახის უცვლელად მოხდა.
„დედაქალაქისთვის აღნიშნული ტერიტორია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ტურიზმის განვითარებას ემსახურება. რეაბილიტაციის პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება ხიდის ისტორიული იერსახისა და მოაჯირების შენარჩუნებას დაეთმო და წარმატებით განხორციელდა კიდეც. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა უკვე რეაბილიტირებული მეტეხის ხიდი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.