თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ვაკის რაიონში, სამაჟორიტარო ოლქში N1, N137, N133 და N75 საჯარო ბაღებს ესტუმრა. გიორგი ტყემალაძე კახაბერ გვანცელაძესთან ერთად პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე სკოლამდელი სასწავლო დაწესებულებების მნიშვნელობასა და მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს.
„ჯანსაღი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე თაობის ფორმირება სწორედ სკოლამდელ აღსაზრდელ დაწესებულებებში იწყება, ამიტომ ქვეყნის მომავლისთვის ბაღების ხარისხიანი მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
უკვე დაინერგა მრავალი სიახლე, თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომები, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თუმცა რჩება გამოწვევები, რომელთა დაძლევა ერთობლივი მუშაობით დაწყებულია“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სააგენტო ოპერატიულად პასუხობს სისტემაში არსებულ გამოწვევებს. მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, დედაქალაქის თითოეული ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები, რომელთა მოგვარებაც ეტაპობრივად განხორციელდება.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც სკოლამდელი განათლების დახვეწასა და განვითარებას ემსახურება. კახაბერ გვანცელაძემ და გიორგი ტყემალაძემ ოთხივე საბავშვო ბაღში კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.