აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად, მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ 150 ოჯახს სასურსათო პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და პირბადეები გადასცეს.
დეპუტატების განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული საქველმოქმედო აქცია, რომელიც შეჭირვებული ოჯახების დახმარებას გულისხმობს, ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. მათივე ცნობით, სასურსათო კალათა სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა(ოთხი და მეტი შვილი) და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებმა მიიღეს.
,,დღეს მთელი მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. ყველას საერთო მიზანს კი ახალი ვირუსით, COVID-19–ით გამოწვეული პანდემიის დამარცხება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა წარმოადგენს. ამ დროს საჭიროა ყველას გაერთიანება და თანადგომა. ჩვენ, მაჟორიტარმა დეპუტატებმა სოციალური კამპანია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დავიწყეთ და გავაგრძელებთ მანამდე, სანამ არ დასრულდება. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ მრავალშვილიან ოჯახებზე, შეზღუდული შესაძლებლიბის მქონე პირებზე და იმ ადამიანებზე, ვისაც დახმარება დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაგებით მოეკიდონ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, სამართალდამცავებს, სამხედრო მოსამსახურეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. ასევე მადლობას ვუხდი შპს ,, ქარგილს" პირბადეებით უზრუნველყოფისთვის,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.