თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნას დაესწრო.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას სკვერის გახსნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ რეკრეაციული სივრცის მოწყობაში მონაწილეობა მიიღო.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი თბილისში მეტი რეკრეაციული სივრცის უზრუნველყოფით ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნაა.
„კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატა დედაქალაქს. ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის 75-ში, 3 400 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე რეაბილიტირდა სკვერი, რომელიც დღეს გაიხსნა. სამუშაოების შედეგად მოეწყო ბავშვთა გასართობი მოედანი, კომბინირებული სტადიონი, ველოპარკინგი და დამონტაჟდა ახალი საპარკო ავეჯი. როგორც თბილისის მერია და საკრებულო, ასევე ადგილობრივი გამგეობები აქტიურად გააგრძელებენ ამ მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სკვერის აღდგენა-რეაბილიტაცია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე, N75-ის ტერიტორიაზე მდებარეობს, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოების შედეგად 3 400 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი მოედანი, კომბინირებული სტადიონი, ფიტნეს ზონა, ძაღლების გასასეირნებელი და გასართობი შემოღობილი სივრცე, დამონტაჟდა ველოპარკინგი და სხვა საპარკო ავეჯი, ტერიტორია გამწვანდა - დაირგო სხვადასხვა ჯიშის ბუჩქები და ხეები, გამწვანებული მონაკვეთები გაფორმდა მულჩით.