წყნეთის გზატკეცილზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ მონაკვეთზე გაფართოვდა ტროტუარები, მოეწყო შუქნიშნით დარეგულირებული „ზებრა“ გადასასვლელები და განახლდა ავტობუსის გაჩერებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ტერიტორია სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის. ამასთანავე, მოეწყო სარეკრეაციო სივრცე.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან, ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან, პარლამენტარ ნოდარ ტურძელაძესთან და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მის სამაჟორიტარო ოლქში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა, რაც მოსახლეობის გადაადგილებას მეტად კომფორტულს გახდის.
„განხორციელდა კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. მოწესრიგდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რაც წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის დისკომფორტს იწვევდა. შეიცვალა სატრანსპორტო მოძრაობის სქემა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუ კერძო ავტომობილით გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული გახდა. ამასთან, შეიქმნა ძალიან ლამაზი სარეკრეაციო სივრცეც“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.