თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში მდებარე N10 ბაგა-ბაღის ახალი კორპუსი გახსნეს.
როგორც საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა რიმა ბერაძემ განაცხადა, აღნიშნული ბაღის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო.
„ამ უბნის მოსახლეობის ერთ-ერთი წინასაარჩევნო მოთხოვნა სწორედ ბაღის რეაბილიტაცია და გაფართოება იყო. მადლობა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და თბილისის მერიას, იმისათვის, რომ მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინეს, რის შედეგადაც ჩუღურეთის რაიონში მდებარე საბავშვო ბაღს ფაქტიურად ორი ახალი შენობა შეემატა. განხორციელდა ძველი შენობის რეაბილიტაცია და ახალი კორპუსის დამატება“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, ახალი ადაპტირებული კორპუსის მშენებლობა N10 ბაღის ტერიტორიაზე 2019 წელს დაიწყო. ბაღის ახალ შენობაში ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი და ღონისძიებების დარბაზია განთავსებული. ახალი კორპუსის მშენებლობის პარალელურად, ბაღის ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცეები და საბავშვო მოედნები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, შეიღება ბაღის სხვა კორპუსები და შეიცვალა ავარიული ღობე.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის თქმით, თბილისში ახალი ბაღების მშენებლობისა და უკვე არსებული შენობებისთვის ახალი ფლიგელების დამატების პროცესი აქტიურად გრძელდება.
„ჩუღურეთის რაიონში განხორციელებული ეს პროექტი არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, იმისა თუ როგორ შეიძლება, არსებულ ვითარებაში. ერთის მხრივ, გავაუმჯობესოთ პირობები და მეორეს მხრივ, მივცეთ შესაძლებლობა მოსახლეობას, რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩაერთოს სკოლამდელი აღზრდის პროცესში“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საბავშვო ბაგა ბაღის ახალ კორპუსში სააღმზრდელო პროცესი უკვე დაიწყო.