დედაქალაქის მასშტაბით საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ კიდევ 34 ოჯახს გადაეცა. დოკუმენტები ოჯახებს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ გადასცა. მისი თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.
„დღეს, ქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად, 34 ოჯახი გავახარეთ. მათ ფართების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცათ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ”- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ფართების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ესწრებოდნენ.