სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო. დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატთან ავთანდილ ცინცაძესთან, საკრებულოს წევრებთან და რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან ერთად გაეცნო.
6 100 კვ.მ ფართობზე მოწყობილ სკვერში, საბავშვო ზონა განთავსდა და ატრაქციონები დამონტაჟდა. ტერიტორიაზე მოეწყო ლედ განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საჩრდილობელი და სხვა. გამწვანდა ტერიტორია.
როგორც თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, სოფელ დიღომს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა, რაც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოხარული ვარ, რომ სოფელ დიღომში ასეთი ლამაზი სკვერი მოეწყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა განტვირთვას შეძლებს. განსაკუთრებით სასიხარულოა ეს პატარებისთვის, რომელთათვისაც აქ საკმაოდ კარგი გასართობი სივრცეა მოწყობილი“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
სკვერის რეაბილიტაცია, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „გრინსერვის+” -მა შეასრულა. გასულ წელს, აღნიშნულ მისამართზე ახალი სპორტული მოედანი და ტრენაჟორებიც მოეწყო.