თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით, ვარკეთილის დასახლება IV მკრ. III კვ. მცხოვრებლებს შეხვდნენ და დასახლებისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხი განიხილეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, მოსახლეობამ საკრებულოს ისნის მაჟორიტარ წევრს ლევან დავითაშვილს სახელწოდების შეცვლის თხოვნით მიმართა.
,,კომისიამ მოქალაქეთა მოთხოვნა შეისწავლა. როგორც ირკვევა, ვაზისუბანში მდებარე ამ დასახლებას მრავალი წელია ვარკეთილის IV მიკრო რაიონად მოიხსენიებენ, რაც არაერთ გაუგებრობას იწვევს, ვინაიდან იგივე სახელწოდების დასახლება ვარკეთილშიც მდებარეობს. მოსახლეობა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ არაერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც გამოძახებული სასწრაფო მისამართის უზუსტობის გამო ვარკეთილში არასწორ მისამართზე მივიდა“,- განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.
კომისიის თავმჯდომარე მოსახლეობას წარმოდგენილი საკითხის განხილვას უახლოესი დღეების განმავლობაში დაჰპირდა.