დღეიდან სამგორის რაიონში, N22 (ნასაგური), N18 (პატარა ლილო) და N41 (წინუბანი) სამარშრუტო ხაზებზე ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. ძველი, ე.წ. „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები ახალი „ISUZU”-ს მარკის რვა მეტრიანი ავტობუსებით თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში ჩანაცვლდა.
N22 ავტობუსით, მეტროსადგურ „ისნიდან“ ნასაგურამდე დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ იმგზავრა. მისი თქმით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.
„მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამგორის რაიონში, ძველი ავტობუსები ახლით უკვე რამდენიმე ხაზზე ჩანაცვლდა და პროცესი კვლავ გრძელდება. სწრაფი და კომფორტული გადაადგილება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ, დედაქალაქის მთავრობასთან ერთად, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული "ISUZU"-სა და 90 ერთეული "MAN"-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება.