სამგორის რაიონში, რამდენიმე მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან პარლამენტიდან სოზარ სუბართან, გამგებელთან კახა სამხარაძესთან და საკრებულოს წევრ რევაზ სოხაძესთან ერთად, გაეცნო.
გიორგი ტყემალაძე ლილოს დასახლებაში, დიდ ლილოში, აეროპორტის დასახლებაში, ორხევსა და წინუბანში იმყოფებოდა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურისა და სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, რამდენიმე მისამართზე, სანიაღვრე ქსელიც ეწყობა.
„ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას დღეს ადგილზე გავეცანი. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ერთდროულად, რამდენიმე ადგილას აქტიურად მიმდინარეობს. დიდ ლილოში სანიაღვრე ქსელი ორ მისამართზე: შიო არაგვისპირელის ჳ ჩიხიდან შიო არაგვისპირელის ქუჩამდე და ნიკო ლორთქიფანიძის ქუჩიდან მირზა გელოვანის ქუჩამდე ეწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები კი ერეკლე მეორეს ქუჩის მე-4 შესახვევში მიმდინარეობს. ორფენიანი ასფალტის საფარი ეწყობა სოფელ წინუბანშიც, ხევსურეთის ქუჩასა და ხევის ქუჩაზე. ასევე, სოფელ წინუბნის ასახვევთან, კახეთის გზატკეცილზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტის საფარი, ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები ეწყობა ორხევის დასახლებაშიც, მუხაძის ქუჩაზე” - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, სამგორის რაიონში სკვერების კეთილმოწყობაც მიმდინარეობს. საზოგადოებრივი სკვერები ეწყობა აეროპორტის დასახლებაში, №2 კორპუსის ტერიტორიაზე და ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩის მიმდებარედ. აღნიშნულ სკვერებში განთავსდება ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი სივრცე უფროსებისთვის და სპორტული მოედანი. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სრულად განახლდება გარე განათება და დამონტაჟდება სკამები.