თბილისის საკრებულოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით, დედაქალაქში დასაქმების ფორუმების ციკლი დაიწყო. პირველი ფორუმი სამგორის რაიონში გაიმართა, სადაც 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა შრომის ბაზარზე აქტიური 300-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.
დასაქმების ფორუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ამავე რაიონის მაჟორიტარ წევრებთან, რევაზ სოხაძესთან და გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, დაესწრო.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დასაქმების ფორუმის მიზანი სამგორის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობაა. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ დასაქმების ფორუმის შედეგი წარმატებული იქნება და ღონისძიების შედეგად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდება.
„დღეს სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ერთი მხრივ დამსაქმებლებისთვის, რომელთაც ვაკანსიები აქვთ და მეორე მხრივ ადამიანებისთვის, რომლებიც სამუშაოს მაძიებლები არიან. შეთავაზებულია მრავალფეროვანი, სხვადასხვა სფეროს შესაბამისი ვაკანსია. საერთო ჯამში წარმოდგენილია რამდენიმე ასეული ვაკანსია.
მე დარწმუნებული ვარ, ათეულობით ადამიანს დღეს დასაქმების შესაძლებლობა ექნება. მინდა, მადლობა გადავუხადო დამსაქმებლებს და დასაქმების სააგენტოს, რომლის ეგიდითაც ტარდება დღევანდელი ღონისძიება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, როგორც კერძო სექტორს, ასევე სამუშაოს მაძიებლებს. ეს არის ძალიან კარგი ფორმატი და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგიც კარგი იქნება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე მისული სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლებს პირისპირ შეხვდნენ, სასურველი ვაკანსიის თაობაზე მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეს და საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები წარმოაჩინეს.
დასაქმების ფორუმი ეტაპობრივად თბილისის ყველა რაიონში გაიმართება.