სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაიწყო. სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოების სანახავად სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, თბილისის საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე იმყოფებოდა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდება 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური ქსელები. განახლებულ ქსელზე დამონტაჟდება 133 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 16 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი და 81 ერთეული საკვანძო ჭა. „ჯივიპი“ ამ პროექტში 23 მლნ. ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
წყალმომარაგების ქსელის სრულად განახლების შემდეგ საგზაო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩაატარებს.
„დღეს კომპანია ჯივიპიმ დაიწყო გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია, რაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა არა მხოლოდ სამგორის, არამედ, ზოგადად, თბილისისთვის. ამ ქუჩაზე არსებული რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი უკვე წლებია სავალალო მდგომარეობაში, ხშირი ავარიები, შესაბამისად, იწვევდა ათასობით აბონენტისათვის წყალმომარაგების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას. ამის გარდა, კომუნიკაციების ავარიულობამ დააზიანა გზების მდგომარეობა, ზოგიერთ მონაკვეთზე უსაფრთხოდ გადაადგილებაც კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მას შემდგომ, რაც ჯივიპი დაასრულებს სამუშაოებს, მუნიციპალიტეტი სრულად მოახდენს გზის და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, კახა კალაძეს, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ საკითხის მოგვარებაში და ჯივიპის ახალ ხელმძღვანელობას. იმედი მაქვს სამუშაოები დათქმულ ვადაში დასრულდება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.