თბილისის საკრებულოში საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა გივი ჩხარტიშვილმა და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ, სიცილიაზე საქართველოს საპატიო კონსულთან, ლეონარდა ამელასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე თბილისსა და პალერმოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ლევან არველაძე და გივი ჩხარტიშვილი იტალიელ სტუმარს მიესალმნენ. როგორც ლევან არველაძემ განაცხადა, ფონდთან „ცხოვრება მშვენიერია“ ერთად მუნიციპალიტეტის დონეზე უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა და ამ შეხვედრებზე თბილისსა და პალერმოს, როგორც დამეგობრებულ ქალაქებს შორის, თანამშრომლობის განახლების საკითხები განიხილეს.
სიცილიაში საქართველოს საპატიო კონსულმა ლეონარდა ამელამ თბილისის საკრებულოს წევრებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან 30 წელი მჭიდროდ თანამშრომლობს და მოხარულია, რომ სიცილიას, კონკრეტულად კი პალერმოს და თბილისს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება.
ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ წარმომადგენლებმა ნაყოფიერი შეხვედრისთვის ორივე მხარეს მადლობა გადაუხადეს და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.