თბილისის საკრებულოს წევრებმა დიდუბის რაიონის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. საზეიმო ცერემონია მუშთაიდის ბაღში გაიმართა.
თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ რაიონის ოქროს და ვერცხლის მედალოსან მეთორმეტე კლასელებს წიგნები და მადლობის სიგელები გადასცეს.
რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და მომავალი წარმატება უსურვა.
„ეს წელი, უმნიშვნელოვანესია ამ ბავშვების ცხოვრებაში. მათთვის სრულიად ახალი ეტაპი იწყება, როდესაც დამოუკიდებლად უნდა გადადგან ნაბიჯები, მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მათი შემდგომი წარმატების საძირკველი კი სწორედ ის ცოდნაა, რომელიც სკოლის კედლებში შეიძინეს. ამაყი ვარ, რომ დიდუბის რაიონის 14 სკოლას წელს 181 მედალოსანი ჰყავს და აქედან 121 ოქროს მედალოსანია, 57 - ვერცხლის და სამი, რომელიც გამოირჩევა სპორტული მიღწევებით. დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება გაჰყვებათ ცხოვრების შემდეგ ეტაპზეც. დიდი მადლობა მათ პედაგოგებს, რადგან მათ დიდი წვლილი აქვთ ამ ბავშვების წარმატებაში. მინდა თითოეულს მივულოცო ეს წარმატება“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
წარჩინებულ მოსწავლეებს ჯილდოები ასევე გადასცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და პარლამენტის წევრებმა რიმა ბერაძემ, თამარ ტალიაშვილმა, გიორგი ვოლსკიმ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.