თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მარიკა დარჩიას ინიციატივით დაწყებული საინფორმაციო შეხვედრები, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს გრძელდება.
„ნუ მოითმენ, ნუ გაჩუმდები, ნუ შეგეშინდება“!, „დაასრულე ძალადობა, გამოიყენე შანსი!“, „იყავი გაბედული!“, „იმოქმედე, დაგეხმარებიან!“, - წიგნის საინფორმაციო სანიშნეები სადაც მითითებულია ინფორმაცია და ზუსტი მონაცემები ორგანიზაციებისა, რომლებსაც ქალებმა ძალადობის შემთხვევაში უნდა მიმართონ ამჯერად საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრის დავით უთმელიძის ბიუროში დარიგდა.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მარიკა დარჩიამ ბიუროს თანამშრომლებს მიმდინარე კამპანიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ძალადობის შესაძლო მსხვერპლი ქალების მაქსიმალური ინფორმირების მნიშვნელობას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.
მარიკა დარჩიას თქმით, დაწყებული კამპანიით, წიგნის სანიშნეების სახით მიწოდებული ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ბავშვთა ძალადობისა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა ბევრ კამპანიაზე უფრო ქმედუნარიანი და სასარგებლო აღმოჩნდეს.
მისივე განცხადებით, თვალსაჩინოება, როგორიც არის წიგნის სანიშნე, ბევრ ოჯახში მოხვდება.
„საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში ბევრია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც წიგნის კითხვა უყვარს. სანიშნეები დასჭირდებათ მათაც და სკოლის მოსწავლეებსაც. ამ სანიშნეზე, რომელიც გაკეთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და დაფინანსებით დატანილია ინფორმაცია რომელიც სჭირდება ქალს რათა ყველა იმ პრობლემაზე რომელის მას აქვს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით თამამად ისაუბროს და რაც მთავარია არ შეეშინდეს. ძალადობის ყველა მსხვერპლს უნდა ჰქონდეს იმედი იმისა, რომ მის ზურგს უკან დგას ის, ვინც მას დაეხმარება“,- აცხადებს მარიკა დარჩია.
მისივე თქმით, საინფორმაციო სანიშნის მეორე მხარეს დატანილია ინფორმაცია და მითითებულია ყველა ის საკონტაქტო ნომერი რომელზეც მსხვერპლმა ამა თუ იმ ფორმის ძალადობასთან პირისპირ დარჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოს.
წიგნის სანიშნეები თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ბიუროებში დარიგდება, საიდანაც მოქალაქეებს გადაეცემათ.
„შესაძლოა ადამიანი თავად არ იყოს ძალადობის მსხვერპლი, თუმცა გახდეს ინფორმაციის მიმწოდებელი იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეს მართლაც ძალიან სჭირდება“,- აღნიშნავს მარიკა დარჩია.
პროექტი გაეროს და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, საკრებულოს გენდერულ საბჭოსთან თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება.