თბილისის საკრებულოში, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩაზე მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გია ვოლსკის აპარატის უფროსი, თბილისის რამდენიმე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები, ქონებით მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, სითი-ინსტიტუტის წარმომადგენლები, ასევე პაატა სააკაძის 19-ში მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.
როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, ამ მისამართზე 170-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათი 80% დევნილია. ჩუღურეთის მაჟორიტარმა წევრმა შეხვედრის მიზანსა და განსახილველ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ ოჯახებს წინა ხელისუფლების დროს ისე დაუკანონდათ საცხოვრებელი ფართები ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, რომ ამ შენობის მდგრადობა არავის შეუმოწმებია. სამწუხაროდ, ეს ნაგებობა ავარიულია და მასში ცხოვრება არ არის რეკომენდირებული. ამაზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც მეტყველებს. დედაქალაქის დღევანდელი ხელისუფლების ძალისხმებით, გამოიყო მიწის ნაკვეთი, სადაც ამ 170 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფარტები აშენდება. ჩვენი შეხვედრის მიზანია, სხვადასხვა სამსახურებთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხერხდეს მშენებლობის დაწყება,“- განაცხადა რიმა ბერაძემ.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და სითი-ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის პროცესშიც ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სასურველია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისდა დამტკიცების პროცესი სწრაფად წარიმართოს, რომ ინვესტორის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდეს.
შეხვედრის მონაწილეებმა საკუტარი მოსაზრებები გაცვალეს და მომავალი შეხვედრის საკითხები დაგეგმეს.