თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ფარავნის ქუჩის 5 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლის სახურავს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება, პარალელურად კი საძირკველისა და კედლების რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით კაპიტალურად გამაგრება მიმდინარეობს.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში უამრავი განცხადება მიიღება და თანამონაწილეობის პრინციპით ეფექტური თანამშრომლობაც ხორციელდება.
,,რაიონის სიძველიდან გამომდინარე, ჩუღურეთში მრავლადაა ავარიული სახლები და პროგრამის არსებობა საკითხის მოგვარების თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს ფარავნის ქუჩის 5 ნომერში მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ერთად გავეცანით და შევხვდით ადგილობრივ მცხოვრებლებს. მიხარია, რომ მათ მსგავსად კიდევ არაერთი ადამიანებისთვის კარგი საცხოვრებელი პირობების შექმნას შევძლებთ “ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.