თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მხარდაჭერით, ვარკეთილი 3-ის, III ა მიკრო რაიონში მდებარე სკვერში, გამწვანების აქცია გაიმართა. ტერიტორიაზე არიზონას კვიპაროსის 125 ნერგი დაირგო, რომელიც დედაქალაქს საჩუქრად საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ გადასცა.
რევაზ სოხაძემ SEU-ს სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სწორედ სხვადასხვა კერძო კომპანიების მხარდაჭერით, ვარკეთილში, გამწვანების აქციები სისტემატურად მიმდინარეობს.
„მადლობას ვუხდი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არიზონას კვიპაროსის ნერგები საჩუქრად გადმოგვცა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას სხვა კომპანიებიც შემოუერთდებიან და ჩვენ, ყველანი ერთად, ვიზრუნებთ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ვარკეთილის გამწვანების აქციაში მონაწილეობა საკრებულოს წევრებმა, ნიკოლოზ კახეთელიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ, პარლამენტარმა ირაკლი ზარქუამ, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ასევე ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღეს.