თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა რევაზ სოხაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან, პარლამენტის დეპუტატთან სოზარ სუბართან და სამგორის რაიონის გამგებელთან კახა სამხარაძესთან ერთად სამგორის რაიონში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
ლილოსა და აფრიკის დასახლებებში მდებარე საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე 12-ჯგუფიანი ბაღი შენდება, სადაც 70 მოქალაქე დასაქმდება, ხოლო განათლების მიღებას კი 350- მდე სკოლამდელი აღსაზრდელი შეძლებს.
,,პროექტის ღირებულება 4 200 000 ლარია. საქართველოში ყველაზე დიდი საბავშვო ბაღი აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე შენდება. ბაღში 15 სააღმზრდელო ჯგუფი განთავსდება და 80-მდე ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, უბანში ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს’’,-განაცხადა საკრებულოს წევრმა.
ახალი ბაღები ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აშენდება. ყველა შენობა შშმ პირთათვის იქნება ადაპტირებული და ამასთანავე სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით აღიჭურვება. აღნიშნული ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტში 5 373 000 ლარია გათვალისწინებული.
ახალი ბაღების მშენებლობა სამგორის რაიონში მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, აღსაზრდელებს კი ორივე დაწესებულება 2023 წლის იანვრიდან მიიღებს.