თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით ვარკეთილში, ზემო პლატოზე მდებარე სკვერში, გამწვანების აქცია გაიმართა.
გამწვანების აქცია კომპანია „მეტი დეველოპმენტი“-ს მხარდაჭერით განხორციელდა, სამუშაობს კი კომპანია „ეკო სერვისი“ ასრულებს, რაც არსებულ სკვერში ათეულებით ხის დარგვას ითვალისწინებს.
„სამგორის რაიონში ვაგრძელებთ გამწვანების პროცესს, კერძო კომპანია „მეტი დეველოპმენტი"-ს დახმარებით, ვარკეთილის ხევში არსებულ პარკში ათეულობით ხე დაირგვება. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი უბნის გალამაზებისთვის , აგრეთვე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მინდა მოვუწოდო კერძო კომპანიებს, რომ აქტიურად ჩაერთონ მსგავს პროცესებში და ჩვენი ქალაქი ყველამ ერთად გავამწვანოთ“ -განაცხადა რევაზ სოხაძემ.
აღსანიშნავია, რომ რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოებს თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს . არსებული სკვერის რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის მარტის თვეში იგეგმება. უახლოეს მომავალში კი სამგორის რაიონს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატება.
გამწვანების აქციაში მონაწიელობა მიიღეს სამგორის რაიონის პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა და „მეტი დეველოპმენტი"-ს გენერალურმა დირექტორმა პაპუნა ხაზალიამ.