თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, მუხიანის დასახლებაში მოძრავი №17 სამარშრუტო ავტობუსი “ISUZU”-ს მარკის რვა მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა. ახალი ავტობუსები მგზავრებს მუხიანის IV ბ მიკრო რაიონიდან, გადასასვლელ ხიდამდე მოემსახურებიან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრი ქეთევან ჯოხაძე დღეს ახალი ავტობუსების გასვლის პროცესს დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
„თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, მუხიანის დასახლებაში კიდევ ერთი სამარშრუტო ხაზის მგზავრებს ახალი, ევროპული სტანდარტების ავტობუსები მოემსახურებიან. ეს ძალაინ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღეიდან, მათთვის ავტობუსით ყოველდღიური მგზავრობა უფრო კომფორტული, სწრაფი და მოსახერხებელი იქნება,“- განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
"ISUZU"-ს მარკის ახალი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის; მასში განთავსებულია, როგორც WIFI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI-ის სიგნალით დაფარვას ასევე, თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები.