თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მოსახლეობას საკრებულოში შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი დახმარება გაუწია.
როგორც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, მოქალაქეების მიმართვა ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს ეხებოდა. ზურაბ აბაშიძის თქმით, მოსახლეობასთან ერთად არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე მსჯელობის შემდეგ, თითოეული საკითხი დეტალურად განიხილება და საჭიროების შემთხვევაში მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამისი შუამდგომლობები მომზადდება.
„ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავი, მოსახლეობის ყოფითი პრობლემების გადაჭრის გზით, თბილისის მცხოვრებლების კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ამისთვის კი აუცილებელია მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრები და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ადამიანებთან უშუალო კომუნიკაცია. თითოეული მოქალაქის საკითხს ინდივიდუალურად განვიხილავთ. ზოგიერთი პრობლემა ადგილზე კონსულტაციის შედეგად გვარდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საკითხი დამატებით განხილვას, კონკრეტული დოკუმენტების შეგროვებას და სხვადასხვა უწყებასთან შუამდგომლობას საჭიროებს. შესაბამისად, მოქალაქეებს ამ მიმართულებითაც ვუწევთ დახმარებას“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრის შესაძლებლობა ყოველკვირეულად ეძლევათ.