თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნას დაესწრო.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ფონიჭალას ახალი სკვერი შეემატა, რომლის სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებამ 851 268.50 ლარი შეადგინა. სკვერის საერთო ფართობი 13 000 კვ. მ-ს შეადგენს. იქ მოეწყო საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, ასევე სპორტული მოედანი. სკვერში ასევე არის ველობილიკი, სკეიტპარკი, ძაღლების გასართობი სივრცე, შადრევანი და ამფითეატრი. სკვერი აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით. ტერიტორია გამწვანდა, დაირგო ხეები და სხვადასხვა სახის ყვავილები.
როგორც კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს გამწვანება და თბილისში მეტი რეკრეაციული სივრცის უზრუნველყოფით ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნა წარმოადგენს.
ღონისძიების ფარგლებში, სკვერი ელექტრო სანათების და ქაღალდის გირლანდებით მოირთო. დღის განმავლობაში კი სკვერის სხვადასხვა სივრცეში საბავშვო გასართობი აქტივობები გაიმართა.
სკვერის გახსნას საკრებულოს დეპუტატები, კრწანისის რაიონის გამგებელი და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.